აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თავდასხმას პასუხი გავეცით” – ზელენსკიმ რუსეთის МЧС-ის ვებგვერდზე თავდასხმა აღიარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საგანგებო სიტუაციების (МЧС) სამინისტროს მობილურ აპლიკაციაზე კიბერშეტევა მოაწყვეს. აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ამერიკულ ტელეარხ PBS News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიბერშეტევა უკრაინული აპლიკაციის, “საჰაერო განგაშის” (Повітряна тривога) გატეხვის პასუხი იყო.

“ჩვენ უბრალოდ თავდასხმას ვუპასუხეთ.” — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინული აპლიკაციის გატეხვა რუსეთის მიერ უკრაინის საბანკო და საპენსიო სისტემებზე, სოციალური დახმარების სერვისებსა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილ სხვა სერვისებზე განხორციელებული “ასობით და ათასობით მსგავსი თავდასხმის” მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო.

უკრაინული აპლიკაცია “საჰაერო განგაში” 1-ელ ნოემბერს, საღამოს გატეხეს. მომხმარებლებმა ყალბი შეტყობინებები მიიღეს რადიაციული და ქიმიური საფრთხის, ასევე ქუჩის ბრძოლების შესახებ. ერთ-ერთი შეტყობინება რუსულ ენაზე იყო და იუწყებოდა, რომ მთელ უკრაინაში ბირთვული განგაში გამოცხადდებოდა, რის შემდეგაც რუსული რაკეტა “ორეშნიკი” მოფრინდებოდა.

2 ნოემბრის ღამეს კიბერშეტევა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მობილურ აპლიკაციაზეც განხორციელდა. მისმა მომხმარებლებმა შეტყობინებები მიიღეს, რომ რუსეთის “ყველა რეგიონში” ბირთვული ქობინები იყო გაშვებული.

იტვირთბა....