უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 23 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
გენშტაბის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა, რაც სატელიტიდანაც ჩანს.
მოგვიანებით როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინული რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შემდეგ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაზიანდა ბიტუმის წარმოების დანადგარი, ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარის სვეტი, გამაცხელებელი ღუმელი და რეზერვუარები.
ამასთან, გენშტაბის განცხადებით, დარტყმების სამიზნე იყო რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექი “პოლე-21” და საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექი “პანცირი”.
ცნობისთვის, ნოვოშახტინსკის ქარხანას წელიწადში 7.5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია. ის დიზელს, გემების საწვავსა და მაზუთს აწარმოებს. საწარმო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის გენშტაბი მის მნიშვნელობას სამხრეთის მიმართულებაზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების საწვავით მომარაგებას უკავშირებს.

