ირანის ისლამურ რესპუბლიკას კარგი ურთიერთობები აქვს სომხეთის რესპუბლიკასთან და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ის არ ენდობა რეგიონში მესამე მხარის როლურ თამაშებსა და ჩარევებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირანი მხარს უჭერს რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას, ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებას.
ესმაილ ბაღაის განცხადებით, ირანი მხარს უჭერს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, მარშრუტებზე არსებული ბარიერების მოხსნასა და რეგიონული კომუნიკაციების განვითარებას, თუმცა ეს ღონისძიებები არ უნდა იწვევდეს რეგიონის გეოპოლიტიკის ცვლილებას ან მეზობლურ ურთიერთობებში მესამე მხარეების ჩარევას.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში მათი ლიდერების ძალისხმევისა და ნების საფუძველზე ჩამოყალიბდა და განვითარდა; ირანის ისლამური რესპუბლიკა კი დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები გარე ძალების ჩარევის გარეშე გაგრძელდეს. ქვეყნის ყველა შესაბამისი უწყება ყურადღებით დააკვირდება საკითხს, და ამასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საგზაო თუ საკომუნიკაციო მარშრუტების ბლოკირების მოხსნას, თუმცა ეს პროცესი არ უნდა იწვევდეს რეგიონის გეოპოლიტიკაში ცვლილებებს და არ უნდა ქმნიდეს საფუძველს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მესამე მხარეების ყოფნისა თუ ჩარევისთვის“, – აღნიშნა ესმაილ ბაღაიმ.

