აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთი წელს კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს

დასავლური დაზვერვისა და სამხედრო უწყებების შეფასებებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსეთი შესაძლოა, წლის ბოლომდე ორბიტაზე ბირთვული ქობინით აღჭურვილი თანამგზავრის გაშვებას გეგმავდეს.

გამოძიების მიხედვით, თანამგზავრი, რომელსაც “Sputnik-S” ეწოდება, რამდენიმე წლის წინ ააწყვეს და მოსკოვის რეგიონში ინახავენ. სადაზვერვო გაფრთხილებებში ნათქვამი იყო, რომ მისი გაშვება მომდევნო 60 დღის განმავლობაში შეიძლებოდა. თავად ბუნდესვერის კოსმოსური სარდლობა შესაძლო ვადად დეკემბერს ასახელებს.

გამოცემების ცნობით, საფრთხის შესახებ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, უკვე გააფრთხილეს. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა და შიდა განხილვების კონფიდენციალურობაზე მიუთითა.

თავის მხრივ, რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ აღწერილი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, საელჩომ ბრალდებებს დაუსაბუთებელი უწოდა და ირწმუნება, რომ რუსეთის კოსმოსური საქმიანობა საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ DIA-მ ოქტომბერში გამოქვეყნებულ შეფასებაში აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გადასატანად განკუთვნილ თანამგზავრს ავითარებს.

სააგენტოს თანახმად, ასეთი იარაღის ორბიტაზე განთავსებით დაირღვევა კოსმოსის შესახებ 1967 წლის ხელშეკრულება, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის განთავსებას კრძალავს.

გამოცემების ცნობით, დასავლური დაზვერვა ზემოხსენებულ პროგრამას უკავშირებს რუსულ თანამგზავრ “კოსმოს-2553-საც”, რომელიც ორბიტაზე 2022 წლის თებერვალში გაუშვეს. მათი ვარაუდით, რუსეთმა ის ძლიერი რადიაციის პირობებში თანამგზავრების გამძლეობისა და მანევრირების შესაძლებლობების შესამოწმებლად გამოიყენა.

იტვირთბა....