2 ნოემბერს კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლივსკა ბორშჩაჰივკაში, კერძო სახლთან, სადაც უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი იყო განთავსებული, არეულობა დაიწყო. ადგილობრივებმა შენობა ბლოკადაში მოაქციეს და გვარდიის ავტობუსი დაამტვრიეს. გვიან საღამოს ეზოდან სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე ეროვნული გვარდიის სარდალი ოლექსანდრ პივნენკო და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი მივიდნენ.
როგორ დაიწყო ინციდენტი
კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, გამოძახება კერძო სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებისგან შევიდა. ისინი აცხადებდნენ, რომ შენობაში მყოფ პირთან მათ არ უშვებდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადგინა, რომ სახლში გვარდიის სამხედროები იმყოფებოდნენ, ირგვლივ კი ადგილობრივები იყრიდნენ თავს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები ადამიანების უკანონოდ დაკავებისა და ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ, პოლიციის თქმით, სიცრუეა.
ეროვნული გვარდიის 1-ლმა კორპუსმა აზოვმა განაცხადა, რომ საუბარია სამხედრო ნაწილ 3121-ის დროებითი დისლოკაციის პუნქტზე. კორპუსის თქმით, სოციალურ ქსელებში სამხედროების წამების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამის შემდეგ სამოქალაქო პირებმა მობილიზებულების გათავისუფლება მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ მათ ტერიტორია ჩაკეტეს და შიგნით შეღწევა სცადეს.
ვინ იმყოფებოდა შენობაში
“აზოვის” ცნობით, შენობაში მობილიზებულები და ნაწილის თვითნებურად დატოვების შემდეგ დაკავებული სამხედროები იმყოფებოდნენ, რომლებიც გადანაწილებას ელოდნენ. პივნენკოს თქმით, ეს არის პუნქტი, სადაც ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრებიდან მობილიზებულები ჰყავთ განთავსებული. აქ ისინი დოკუმენტებს აფორმებენ, შემოწმებას გადიან და შემდეგ სასწავლო ცენტრებში იგზავნებიან.
ოთხ სამხედროს, რომლებიც ნაწილის დატოვების შემდეგ გვარდიამ იპოვა და დააკავა, დაზიანებები აღენიშნებოდა. ისინი გვარდიის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გამოკვლევის შემდეგ გეგმავენ.
შენობაში მყოფთა რაოდენობის შესახებ მონაცემები განსხვავდება. შიგნით შესულმა მედიკოსმა თქვა, რომ “სარდაფში” დაახლოებით 25-30 ადამიანია. პივნენკოს თქმით, იქ 18 სამხედრო იყო. ბუდანოვმა კი ტელევიზიასთან საუბრისას 14 ადამიანი დაასახელა და დასძინა, რომ “მსგავსი შენობა ბევრია”.
სროლა და ბუდანოვის ჩარევა
“უკრაინსკა პრავდას” ადგილზე მყოფი კორესპონდენტის ცნობით, 22:00 საათისთვის დაპირისპირება კვლავ გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა ტერიტორიიდან გასასვლელი გადაკეტეს, ეზოდან კი სროლისა და სირენების ხმა ისმოდა.
“სუსპილნეს” ცნობით, ბუდანოვმა მომხდარს “ქუჩის აქცია” უწოდა. მისი თქმით, შეკრებილები ხელს უშლიდნენ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანას. კორესპონდენტის ცნობით, ბუდანოვმა გვარდიის ავტობუსები დემონსტრანტებისგან მოშორებით გაიყვანა.
ვინ გაავრცელა ინფორმაცია “უკანონო დაკავების” შესახებ
საგამოძიებო გამოცემა “სლიდსტვო.ინფომ” დაადგინა, რომ ცნობები ქალმა გაავრცელა, რომელიც თავს კერძო სასწრაფო დახმარების კომპანია “მედ-პრესტიჟის” მფლობელად წარადგენდა. “სუსპილნეს” ცნობით, ის ირწმუნებოდა, რომ შენობაში ოპერაციაგადატანილ მამაკაცი 37 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი.
კომპანიის რეალური მფლობელი, ისრაელის მოქალაქე მიხაილო ფურმანი, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ “მედ-პრესტიჟი” 2023 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მისივე თქმით, ადგილზე მისული სასწრაფოს მანქანა 2024 წელს გაიყიდა იმ პირობით, რომ კომპანიის ლოგოები მოიხსნებოდა. ფურმანს აქამდე რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა, თუმცა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მასზე უარი თქვა.
“სლიდსტვო.ინფოს” ცნობით, ქალი 49 წლის ვალენტინა მოლოდაა, რომელიც პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკაში მუშაობს. 2020 წელს მის წინააღმდეგ განზრახ მსუბუქი სხეულის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2026 წლის ივნისში იგი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. კიევის ოლქის პოლიციის წარმომადგენელმა ბორის ბრეუსმა დაადასტურა, რომ პოლიცია სწორედ ამ ქალმა გამოიძახა. მისი თქმით, ქალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ადგილზე ადგილობრივებმა დაიწყეს მისვლა.
ოფიციალური რეაქცია
სამხედრო ომბუდსმენმა ოლჰა რეშეტილოვამ განაცხადა, რომ ყველა სამხედრო უსაფრთხოდაა და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს. მისი თქმით, დაინიშნა შემოწმება, რომელშიც სამართალდამცავებისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ჩართულობასაც ელოდება. ეროვნულმა გვარდიამ სამსახურებრივი გამოძიება დანიშნა. გვარდიის თქმით, დარღვევის დადგენის შემთხვევაში დამნაშავეები კანონით დაისჯებიან. ზოგიერთ ნათესავსა და საზოგადოების წარმომადგენელს შენობაში შესვლის საშუალება მისცეს.
3 ნოემბრის დილით ბუდანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინა დღის მოვლენები სახელმწიფოსთვის დაუშვებელია და უკრაინელების ერთიანობას აზიანებს, განსაკუთრებით რუსული საფრთხის პირობებში. მისი თქმით, ძალოვან უწყებებთან ერთად მზადდება გადაწყვეტილებები “ადეკვატური რეაქციისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად”.

