რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანეს. 3 ნოემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის დროს ერთ-ერთი რაკეტა ნემიშლიანსკის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 62 ადამიანი.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, აფეთქების შედეგად საავადმყოფოსა და მიმდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ათასზე მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრა.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმა სამედიცინო დაწესებულების კორპუსებს შორის დამაკავშირებელ გადასასვლელზე განხორციელდა. დაზიანებულია საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების შენობაც.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. უსაფრთხოების მიზნით, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში 226 პაციენტის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. გრძელდება თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა.

