აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორმხრივად გახსნა კიდევ უფრო ართულებს ომის დასრულების მიზნით მიმდინარე ისედაც დაძაბულ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კალასი ხაზს უსვამს, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითზე ირანის თავდასხმები მიუღებელია.
„მემორანდუმის თანახმად, თეირანმა აიღო ვალდებულება, ხელახლა გაეხსნა ჰორმუზის სრუტე. სრუტის მახლობლად გემებზე მისი ბოლოდროინდელი თავდასხმები არღვევს ამ ვალდებულებას და საფრთხეს უქმნის ენერგო რესურსების მიწოდების აღდგენას. ნავიგაციის თავისუფლება შეუფერხებელი უნდა იყოს“, – წერს კალასი.
მისი ინფორმაციით, მომავალი კვირის ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ, თუ როგორ იმუშაონ ერთობლივად შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და სრუტესა და წითელ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების შესანარჩუნებლად.

