ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური გარდაქმნით, ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რგოორც სააკაშვილი წერს, პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები.
„ბოლო კვირებში აქტიურად მიმდინარეობს ჩემ მიერ ინიცირებული დისკუსია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე, რომელშიც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამდენი ადამიანის ჩართულობა ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენისა და შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს, ხალხი უკმაყოფილოა ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით და ითხოვს ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ძირეულ და სისტემურ რეფორმებს!
დღეს, 8 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. განსაკუთრებით მინდა, მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს რეგიონებში – იქ იყო, არის და ყოველთვის იქნება მოძრაობის მთავარი ძალა და დაუმარცხებელი სულისკვეთება! ჩვენ ვართ დემოკრატიული მოძრაობა და ამ წესს აუცილებლად დავიცავთ. ამჯერად, როტაცია არა ჩვეული წესით, არამედ სრულიად სხვა, ახალი გზით მოხდება.
ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, ვიდრე ის ციხეშია, არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.
ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი“, – წერს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ძალიან შემიშალა ხელი. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან. შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი.
ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური. ჩვენ უნდა გავშალოთ ფართო ფრონტი და განვახორციელოთ დიქტატურისთვის „ათასი ჭრილობის“ მიყენების და ამ გზით მისი წაქცევის პროგრამა. ეს სტრუქტურა უნდა მოერგოს პარტიის შესაძლო ფორმალურად გაუქმების საფრთხესაც. ერთია, როცა მოძრაობას აქვს რამდენიმე ოფისი, რომელთა დახურვა დიქტატურისთვის ადვილია ან ჰყავს რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა იზოლაცია შესაძლებელია, და მეორეა – როცა ეს არის მთლიანად დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომელიც ისეა გაშლილი და ფესვგადგმული, რომ მისი ამოძირკვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება; როცა ყველა წევრის, აქტივისტის და მხარდამჭერის სახლი არის ცალკე, ავტონომიურად არსებული ოფისი. როცა არცერთი ლიდერის დაკავებას პრინციპში, აღარ აქვს აზრი, რადგანაც ყველა ლიდერია!
ჩვენი დაფინანსების მოდელიც მეტად დაიხვეწება და ჩვენს ხალხს მისცემს პირდაპირი ჩართულობის ბევრად გამარტივებულ საშუალებას. ჩვენი მიზანია არა სხვებთან კონკურენცია და უაზრო დებატები, არამედ სამიზნის გასწორება დიქტატურის მოშორებაზე, ამ ურთულეს ისტორიულ მომენტში, უზარმაზარი საფრთხეების პირობებში, საქართველოს გადარჩენაზე და დიდი რეფორმების გზაზე დაბრუნებაზე. ასეთია ჩემი მოსაზრებები. აბა, თქვენ რას ფიქრობთ?“, – წერს სააკაშვილი.

