კოლექტიური რასებისა და ჯო უილსონების მიერ მომზადებულ რეზოლუციებს ერთი ცენტის ფასიც არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ პირები, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებაში არიან მხილებულნი და ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ, პოლიტპატიმრად წარმოაჩინონ.
„ამ ხალხს „ოჯახური ღირებულებებისა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმება უნდათ, რათა ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდის დაშვება მოხდეს, რაც გამორიცხულია. ჯო უილსონის ქვეყანაში გამჭვირვალობის თაობაზე გაცილებით უფრო მკაცრი კანონი – „ფარა“ მოქმედებს, რომელიც ქართულ კანონმდებლობაშია თარგმნილი. ეს ადამიანები ცდილობენ, რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს, ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ არჩევანს. თავს უფლებას აძლევენ, თქვან, რომ უკეთ იციან, რა არის საქართველოს მომავლისთვის უკეთესი, ვიდრე ქართულმა საზოგადოებამ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერეს, რომ თურმე ქართული ეკლესია რუსული გავლენების ქვეშაა. ეს დაუშვებელი და გაუგონარი ფაქტია. ამ ყველაფრის გამო საზოგადოებაში ევროსტრუქტურების მიმართ ნდობა იკლებს, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

