უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა უკრაინის ინიციატივაა და კიევს გეოპოლიტიკური ინტერესი გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს შესახებ შვედეთში, ქალაქ ლუნდში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ანდრეი სიბიჰამ აუდიტორიის შეკითხვას უპასუხა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გადატვირთვის ნიშნებთან დაკავშირებით.
“ეს ჩვენი ინიციატივა იყო. საქართველო ევროპული ქვეყანაა. ეს ქართველი ხალხის არჩევანია,” – თქვა მან.
ანდრეი სიბიჰამ აღნიშნა, რომ “ორმხრივ ურთიერთობებში ტურბულენტობა” უკრაინის არჩევანი არ ყოფილა.
მან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მოგვარება შესაძლებელი იქნება.
“ორმხრივ ურთიერთობებში ტურბულენტობა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, სათანადო დიპლომატიური გზით განვითარდეს ჩვენი ორმხრივი დიპლომატიური კურსი.
ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრს ერევანში შეხვდა. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო. ამ კონტექსტში, პოლიტიკური ევროპული სამიტის ერევანში ჩატარება ძლიერი გზავნილი იყო. ჩემი აზრით, ეს ამ რეგიონში რუსეთის გავლენების დეგრადაციის საწყისი წერტილია.
გვაქვს შავი ზღვა, გვაქვს ინტერესი ორმხრივ ვაჭრობაში, ლოგისტიკაში, რადგან საქონლის ექსპორტ-იმპორტი ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან რუსეთის გავლით არ შეგვიძლია. უნდა ვიპოვოთ კარგი გზა, ყველაზე მომგებიანი გზა, როგორ შეგვეძლება ამ კოოპერაციის დაწყება. ვიმედოვნებ, ვიპოვით საერთო საფუძველს სათანადო კოოპერაციისთვის. […]
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოლდოვაში შევხვდი. ის ესწრებოდა ევროსაბჭოს საგარეო მინისტრების დონის შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნებას. ვიმედოვნებ, ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს მოვაგვარებთ. ამით დაინტერესებული ვართ,” – განაცხადა სიბიჰამ.

