პოლიტიკა

რუსეთის СВР-ის მტკიცებით, ლონდონი და პარიზი კიევისთვის ბირთვული იარაღის მიცემას გეგმავენ

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ამჯერად ირწმუნებიან რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ. რუსულ სპეცსამსახურს ამ ბრალდების დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ გაუვრცელებია.

განცხადებაში ირწმუნებიან, რომ “ბრიტანული და ფრანგული ელიტები არ არიან მზად შეეგუონ დამარცხებას” და გეგმავენ უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებას, რათა “კიევს საბრძოლო მოქმედებების დასრულების უფრო მეტად მომგებიანი პირობები ჰქონდეს, თუ ექნება ატომური ან, სულ მცირე, ე.წ. “ბინძური” ბომბი”. ამავე განცხადებაში ირწმუნებიან, რომ “ბერლინმა კეთილგონივრულად უარი თქვა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობაზე”.

“ლონდონი და პარიზი აქტიურად მუშაობენ კიევისთვის ასეთი იარაღის გადაცემისა და მიწოდების საშუალებების ამოცანის გადაჭრაზე.” – ირწმუნებიან СВР-ში. 

СВР-ის მტკიცებით, საფრანგეთში უკრაინისთვის TN75-ის ტიპის ბირთვული ქობინის ნაწილის გადაცემას განიხილავენ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რუსული უწყებები უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ. ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის მხრიდან ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების საფრთხე არსებობდა. 2023 წლის ივნისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე “ბინძური ბომბის” აფეთქებას გეგმავდა. არც ერთი მსგავსი ბრალდების შემდეგ რუსეთს დამადასტურებელი სამხილები არ გამოუქვეყნებია.

 “ბინძური ბომბი” არის კონვენციური იარაღისა და ბირთვული მასალის შერწყმით შექმნილი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღი.

იტვირთბა....