დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სიცრუეს უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან.
ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცრუობს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში მის მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებებიდან სხვა საკითხზე გადაატანინოს ყურადრება.
„ეს არის ვლადიმერ პუტინის აშკარა მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მისი სასტიკი ქმედებებისგან. ამაში სიმართლე არ არის. თქვენ ალბათ ნახეთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი სიტყვები, სადაც ის უკრაინელების წარმოუდგენელ გამძლეობას პატივს მიაგებს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ, კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ ის კიევმა თავად შექმნა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ბირთვულ იარაღს თუ გადასცემენ, რუსეთი ლონდონისა და პარიზის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. მისი თქმით, რუსეთი საჭიროების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მისი მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან.

