თურქეთის პოლიტიკაში ამჟამინდელი პრეზიდენტის შვილის, ბილალ ერდოღანის მოსვლის საკითხი განიხილება, რაც მის ლიდერად არჩევის შესაძლებლობას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებსაც თურქეთის მმართველი პარტიის რიგებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე აქვთ ცნობები.
როგორც მედია წერს, ხელისუფლების გადაცემა მმართველი პარტიის შიგნით განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
„ბლუმბერგის“ თანახმად, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისი შვილი, ბილალ ერდოღანი სულ უფრო მეტ უცხოურ მოგზაურობებში დაჰყავდა, დაწყებული საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრით, დამთავრებული პაკისტანში, მალაიზიასა და კატარში ვიზიტებით.
„პარტიის წარმომადგენლების პროგნოზით, ერდოღანი არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მას შეუძლია, თანდათანობით გაუხსნას გზა თავის შვილს, რათა არჩევნების გზით შეცვალოს იგი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. მათი თქმით, ერდოღანმა შესაძლოა, მოგვიანებით ბილალი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნოს, რაც კონსტიტუციით არის დაშვებული. ბილალი, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტიდან საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული, პოლიტიკური ლიდერობის არაფორმალურ ტრენინგებს გადის და ლოიალურ მომხრეთა ქსელს ქმნის, განაცხადეს სიტუაციის მცოდნე პირებმა. ის მჭიდროდ არის ჩართული როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე მთავრობისთვის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევაში“, – წერს „ბლუმბერგი“.
44 წლის ბილალ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის მეორე შვილია. რეჯეფ თაიფ ერდოღანს სულ ოთხი შვილი ჰყავს.

