კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰააგაში, CNN-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კანადასთან დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის.“
„ის კანადით მოხიბლულია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კანადა სურდა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
ამასთან, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომ ნატო-ს წევრები, მათ შორის კანადა, თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.
„ჩვენ ახლა ნატო-ს სამიტზე ვიმყოფებით. ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ალიანსის ყველა წევრმა, მათ შორის კანადამ, თავისი წილი დახარჯოს. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“, – თქვა მარკ კარნიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება.

