თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავისუფლების მოედანზე 25 მაისს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები, რომლებმაც რეჟისორთან ერთად საბოლოო დეტალები შეაჯამეს.
თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება.
მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გარდა, თბილისში მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, სხვადასხვა ლოკაციებიდან ღონისძიება და მარშები გაიმართება.
26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან დაიწყება.
დაგეგმილი მარშები:
15:00 – “ეს დღე ჩვენია” – საჯარო მოხელეთა პროფკავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი – რესპუბლიკის მოედნიდან;
15:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან;
16:00 – საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია – კულტურის მარში: თეატრი, კინო, არქიტექტურა, ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კლუბები, სთენდაფები – ფილარმონიიდან;
17:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის მარში – “ძლიერი საქართველო” – რუსთაველის ძეგლიდან.
დასკვნითი ღონისძიება:
18:30 – დოკუმენტური ფილმის ჩვენება “დამოუკიდებლობის გადასარჩენად”;
19:00 – უცხოელი მეგობრების ვიდეო მოლოცვები;
19:30 – საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა.

