ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გუშინ, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე, კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ახალი დადგენილების თანახმად, “კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება“.