ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადება ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა. TDI აღნიშნავს, რომ უცხოელი სტუდენტების პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის. ორგანიზაციის განცხადებით, დამაფიქრებელი და საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ იზორიას გამონათქვამი სხვა მაღალი თანამდებობის პირის – დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის პოზიციის იდენტურია.
“29 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებისა და ე.წ. „ოდეერის” საკითხზე მსჯელობისას განაცხადა: “როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები?”. იზორიას თქმით, როცა ის ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა იყოს ე.წ. „ოდეერი”, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სივრცე უსაფრთხო და დაცულია.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა.
უცხოელი სტუდენტების, მათი რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნით სახელმწიფო უშიშროებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხირდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის; შუღლის გაღვივების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წახალისების მაღალ რისკს შეიცავს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდება.
დამაფიქრებელი და საგანგაშოა ასევე ის გარემოებაც, რომ იზორიას განცხადება ბოლო პერიოდში სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოხატულ თითქმის იდენტური შინაარსის პოზიციას იმეორებს. 11 მარტს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ოფიცრის არსებობა კონტრსადაზვერვო ფუნქციებით გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი უცხოელი სტუდენტებისგან ადგილობრივი სტუდენტების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების საფრთხის თავიდან არიდებას ემსახურებოდა.
აქედან გამომდინარე, ქსენოფობიური დამოკიდებულება და უცხოელი სტუდენტების საფრთხედ წარმოჩენა, შესაძლოა, ხელისუფლების სწორედ გააზრებულ პოლიტიკას წარმოადგენდეს.
TDI გმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას პოზიციას და მოუწოდებს მას მოიხადოს ბოდიში.
ასევე მოუწოდებს, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისადმი და პოლიტიკა ამ კუთხით, კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართოს” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
“ბუნებრივია, იქაც [საგანმანათლებლო დაწესებულებებში] არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. პატარა მაგალითს გეტყვით, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები? შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს ეს [ე.წ. ოდეერი], იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი, არ იყოს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი. აქ კითხვა დაისვა, არსებობდა თუ არა 2015 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინდა გითხრათ, რომ არსებობდა, მაგრამ 2015 წლიდან, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ არსებობს. ”- განაცხადა იზორიამ.