ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე გასულ წელს” – იოსელიანმა წლიური ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ გასულ წელს მოქალაქეების უფლებები არაერთხელ დაირღვა, მათ შორის აქციებზე, როცა სამართალდამცავებმა არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მან ისაუბრა რუსულ კანონზეც და თქვა, რომ აპარატმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ფრომით კანონი ძალაში არ უნდა შესულიყო.

“2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა, ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს, 2023 წელთან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

2024 საქართველოს პარლამენტმა მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია და კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველი 2024 წელს, ისევე როგორ 2023 წელს მოუწოდებდა პარლამენტს უარი ეთქვა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის გზით”, – თქვა იოსელიანმა.

ანგარიშში მოხვდა მედიის საკითხიც, ომბუდსმენის თქმით, ჟურნალისტების საქმიანობაში შეფერხების საკითხზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს პარლამენტში 2023 წელს ამოქმედებული სპეციალური წესები, რომელიც აპარატის მიერ ნაწილობრივ პრობლემურად შეფასდა. იოსელიანი ამბობს, რომ ამ წესის საფუძველზე 2023-24 წლებში მედიის ნაწილს არაერთ შემთხვევაში შეეზღუდა პარლამენტში შესაბამისი წარმომადგენლით მოვლენების გაშუქება და მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნათ პროცესში.

“როგორც წესი, ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის წევრები, არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკასაც არ ეთანხმებიან, ამის გამო ჟურნალისტებს ხსენებული პირებისთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევებში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე ეძლევათ”, – თქვა იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება აუცილებელია.

ომბუდსმენმა ისაუბრა სიღარიბეზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე და თქვა, რომ ხელისუფლებამ უკეთ უნდა დაიცვას იქ მცხოვრები მოქალაქეები.

იტვირთბა....