პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყება ამბობს, რომ შემთხვევა 2023 წლის 17 ნოემბერს, დაბა ურეკში მოხდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,” – წერია განცხადებაში.