გასულ დღეებში პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის შესახებ, „პალიტრის“ ეთერში, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, „ბერაია როლებში შეიჭრა; მისი მოადგილეა თეონა აქუბარდია, რომელიც მას კვალიფიკაციითაც სჯობს და პარტნიორებთან კონტაქტებითაც, ეს ვერ აიტანა“
„ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებული წინააღმდეგობა დაინახა მარტის აქციების დროს. მაშინ „ოცნებამ“ დაიწყო კამპანია, თუ როგორ დაკარგეს სახე პარლამენტარმა ქალმა დეპუტატებმა. სამაგიეროს გადახდა დაიწყო ქალ დეპუტატებზე, სწორედ ამ კამპანიით: „სახე დაკარგეთ“ „კდემამოსილება დაკარგეთ“ „თქვენ არ ხართ ქართველი ქალები“… მათ დაინახეს, რომ ჩვენი მხრიდან უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც უნდა ელოდონ და დაიწყეს ეს კამპანია. ამან ჩვენზე ვერ იმოქმედა, დავცინოდით. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს მიზანმიმართულად, სუს-ის მეთოდებით, პერსონალურად, პერსონალური ინფორმაციით, კონკრეტული საკითხების მანიპულაციით დისკრედიტაცია.
წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებში, ბერაია როლებში შეიჭრა. მისი მოადგილეა თეონა აქუბარდია, რომელიც მას კვალიფიკაციითაც სჯობს, კომუნიკაციებითაც და პარტნიორებთან კონტაქტებითაც. ეს ვერ აიტანა ბერაიამ და როლში შევიდა, იმაზე მეტი თქვა, ვიდრე მისი თანაგუნდელები ელოდნენ. ამიტომ მცირე შოკი იგრძნობოდა“, – განაცხადა სამნიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას ცალყბად მოხდილი ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი.

