„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიასადმი შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა.
„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული არის და ძალიან მძიმე არის იმის მოსმენა, როდესაც მმართველ გუნდს, მე პირადად, ჩემს კოლეგებს, დებენ ბრალს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად რუსების ინტერესების გადაჭარბებაში და მითუმეტეს, როდესაც ამას აქვს სისტემატიური ხასიათი.
ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს არ შევეგუებით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, როგორც დეოკუპაციისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციისთვის. და როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში და კრემლთან კავშირში, კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა.
მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელად ვაღიარებ ამას, რომ ემოციურად გადაჭარბებული. თვითონ იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისმენთ მუდმივად, და, რა თქმა უნდა, გულწრფელად, ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო“, – აღნიშნა მან.

