ისრაელ-პალესტინის მიმდინარე ომთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ სამხედრო ჟურნალისტს, უჩა აბაშიძეს ესაუბრა.
აბაშიძის თქმით, თუკი სხვა ქვეყანა არ ჩაერევა ამ ომში, სიტუაცია მალე დასტაბილურდება. რაკი ჰამასის რეიდი შეწყდა და გაყოფის ხაზიც ყალიბდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელის ჯარი ღაზას სექტორში შევა.
რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და რთულია მოლაპარაკებები ტყვეების გათავისუფლების შესახებ. ჰამასს დიდი რაოდენობით ტყვე ჰყავს აყვანილი და სავარაუდოა, რომ მათი გათავისუფლების პროცესი გაიწელება.
[su_quote] სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია „ჰეზბოლას“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუკი ისრაელი არ შეეხება ლიბანს, „ჰეზბოლა“ აღარ ჩაერევა ომში. ეს მნიშვნელოვანი ამბავია.
ამასთან, დღეს, დილის მდგომარეობით, ისრაელმა კონტროლი აღადგინა ყველაფერზე, რასაც აკონტროლებდა ომის დაწყებამდე. საღამოს სახმელეთო ოპერაციის ეს ნაწილი ამოწურული იქნება.
მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია ტყვეების საკითხი. საუბარია ტყვეთა დიდ რაოდენობაზე. ისრაელი ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენადაც კი ვაჭრობს ხოლმე და ამდენი ტყვის გამოხსნას როგორ შეძლებს, გაუგებარია.
ამავდროულად, ბევრი საავიაციო იერიში ხორციელდება ღაზას სექტორის მისამართით და ჯერჯერობით ტყვეების ამბავი ისრაელს არ აფერთხებს ჰამასისთვის პასუხის გასაცემად.
ჰამასს დაგეგმილი ჰქონდა სამი ტალღა: პირველი – გამჭრელი, მეორე – ტყვეების ამყვანი, მესამე – ტერაქტების ჩამდენი.
მე ვფიქრობ, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა არ ჩაერთვება ომში, სამხედრო ოპერაციის ნაწილი შუა კვირისთვის ამოწურება. საქმე ისაა, ამის შემდეგ როგორ განხორციელდება ამ ტყვის გათავისუფლების პროცესი ან ღაზას სექტორის წმენდა.
ამის ისტორიული პრეცედენტი ჯერ არ გვაქვს. ისრაელმა რაღაც ახალი უნდა მოიფიქროს.
ბევრი ექსპერტის აზრით, ეს დაპირისპირება შეიძლება მივიდეს ჰამასის საბოლოო განადგურებამდე. მე ასე არ ვთვლი. ჰამასის შეტევა რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო და ფრონტის ხაზი არ არსებულიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ისრაელის ჯარის ღაზაში შესვლა.
მაგრამ ჰამასის მხრიდან ეს იყო რეიდის ხასიათის შეტევა. ის შეწყდა. გაყოფის ხაზი ისევ ყალიბდება. აქედან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ ისრაელი სამხედრო-სახმელეთო ოპერაციას აღარ გააგრძელებს. ისევ გავიმეორებ, თუკი სხვა ქვეყანა არ ჩაერთვება ამ ომში, სიტუაცია ძალიან მალე დასტაბილურდება და დასავლეთის მთელი ყურადღება ისევ გადაინაცვლებს უკრაინაზე. ტყვეების გათავისუფლების პროცესი კი გადაიზრდება რუტინაში. ჰამასს აქვს იმდენი გამოცდილება, რომ ტყვეები უსაფრთხოდ ჰყავდეს სადღაც და ისრაელმა სწრაფი ოპერაციით ვერ შეძლოს მთლიანი რაოდენობის გათავისუფლება.
ამდენად, ეს პროცესი გადაიზრდება ვაჭრობაში, მოლაპარაკებებში, შეხვედრებში ეგვიპტეში, საჩვენებლად რამდენიმე ტყვის გათავისუფლებაში და ა.შ.
ზოგადად, ისრაელი შემჩნეულია ტერორისტებთან მოლაპარაკებაში (სხვათა შორის, განსხვავებით ამერიკისგან და რუსეთისგან; ეს უკანასკნელი ასე ამბობს) . მისთვის მთავარი პრინციპი ადამიანის სიცოცხლეა და მის გადასარჩენად ტერორისტებსაც ელაპარაკება. ამ შემთხვევაში, შეიძლება ისრაელმა მკვლელები და ყაჩაღები გაუშვას, რათა მეორე მხარემ გაათავისუფლოს ტყვეები, თუმცა ამ ჯერზე მგონია, რომ ეს არ მოხდება, რადგან ისრაელს აღარ ჰყავს იმდენი ტერორისტი აყვანილი, რომ ტყვეებში გაცვლა შესაძლებელი იყოს, ამიტომ ვფიქრობ, ჰამასი მიიღებს პოლიტიკურ დათმობებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ფასად.
ძალიან, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ტყვეების სიცოცხლის განადგურების საფრთხის ფასად ისრაელი იარაღით შევიდეს ღაზაში. ღაზა ძალიან რთული რეგიონია საომრად. იქ იარაღით შესვლა ძალიან დიდი რისკი იქნება, რადგან შეიძლება შემოგაკვდეს, მაგალითად, ლიბანელი და ასე ჩათრეული აღმოჩნდები ლიბანთან კონფლიქტში.
ზოგადად, ახლა ისრაელს უნდა აწყობდეს, რომ დაწყნარდეს სიტუაცია, შეწყვიტოს საკუთარი შურისძიების ოპერაციაც და, მაგალითად, ეგვიპტის ჩარევით სცადოს ბავშვებისა და ქალების გამოხსნა. [/su_quote]
– განაცხადა უჩა აბაშიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, პალესტინა ისრაელს 7 ოქტომბრის დილას დაეხა თავს. დაღუპულთა რაოდენობამ 1 100-ს გაადააჭარბა. ბევრი ადამიანი ტყვედაა აყვანილი.