ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის“ – პაპუაშვილი მელიას საქმეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით< ეს გადაწყვეტილება ქართული სასამართლო სისტემის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ფორმალური თავმჯდომარის, მელიას დაპატიმრება 2021 წლის თებერვალში სამართლიანიც იყო და ლეგიტიმურიც. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები არ დარღვეულა, მელიას დაპატიმრება იყო სამართლიანი და არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას.

ეს ცხადი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის, რომლის ვერდიქტებიც ბოლო რამდენიმე შემთხვევაში სრულად დაადასტურა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.

გადაწყვეტილებამ, ასევე, გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო. ამ უსაფუძვლო კრიტიკამ, საუბედუროდ, ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ არასწორი აღქმების დაუსრულებელი და თვითგანახლებადი ტალღის წარმოშობას.

და ბოლოს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ მელიასებრ რადიკალებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ და კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია გამოიწვიონ.

იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და ქმნის არასწორ აღქმებს, ხოლო მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებები პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და პოლიტიკურ კლიმატსაც უფრო ამძიმებს. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთრი სიტყვებისა და ქმედებების გამო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, სტრასბურგმა მელიას საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

აღნიშნულ ვერდიქტს გამოეხმაურა თავად მელიაც.

იტვირთბა....