“ექსპერტიზამ ინტოქსიკაცია გამორიცხა, ანას გული არ არევია, მის ფრჩხილებში ნაპოვნი თმა მამაკაცს ეკუთვნის” – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატმა, “უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ელისო რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვერსია, რომ ანა იანუშაიტიტის გარდაცვალება საკვებით ასფიქსიამ ან/და საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, მიზანმიმართულად გავრცელდა და აღნიშნავს, რომ ეს გამოძიებისთვისაც კარგი ვერსია იქნებოდა, რათა საქმეზე გამოძიება მარტივად დაესრულებინა.
“როგორც განმიმარტა დედამ და ოჯახის გარემოცვამ, აღნიშნული ვერსია მალევე წამოვიდა როგორც გამოძიების მხრიდან, ასევე, თითქმის ყოველი მეორე იმეორებდა რატომღაც ამ აბსურდს, ვინაიდან, ბავშვს აღნიშნული სუპი გარდაცვალებამდე საათ-ნახევრით ადრე ჰქონდა მირთმეული. აბსოლუტურად გამორიცხა ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი, რაც ნიშნავს, რომ ანა იანუშაიტიტეს გული არ არევია და არ მოწამლულა რაიმეთი, მათ შორის, სუპით და ენერგეტიკულით. მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს გულისრევა და საკვების გადაცდენა მოხდა, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე და ტყუილი.
სამწუხაროა, რომ ეს ამბავი, რატომღაც მიზანმიმართულად გავრცელდა. თუ ოჯახი არ იბრძოლებდა ანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენაზე, ძალიან მარტივია ადამიანის გარდაცვალებას დაარქვა, რომ გადასცდა სუპი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჭამა, ვიდრე გარდაცვალება დადგა. ეს იქნებოდა ერთ-ერთი მკაფიო და კარგი ვერსია გამოძიებისთვისაც, იმისთვის, რომ მარტივად დაესრულებინა ეს საქმე და აღარ ყოფილიყო ამდენი გამჟღავნების აუცილებლობა, რაც დღეს დღის წესრიგში დგას,“ – განაცხადა ადვოკატმა გადაცემაში “360 გრადუსი”.