ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართულ სახელმწიფოზე მორიგი თავდასხმაა და 9-წლიან მძიმე რეჟიმს გვახსენებს, რომელიც იმავე ძალების მხრიდან იმართებოდა, ვინც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებს“ – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განსახილველი რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართულ სახელმწიფოზე მორიგი თავდასხმაა და 9-წლიან მძიმე რეჟიმს გვახსენებს, რომელიც იმავე ძალების მხრიდან იმართებოდა, ვინც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებს.“

„ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია მომავალში გაჯანსაღდება. დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე…

მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით, ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ხდებოდა 2004-2012 წლებში სწორედ იმ ძალების დაკვეთით, რომლებიც დღეს აინიცირებენ ევროპარლამენტში რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ე.წ. დიფ სთეითის, იგივე გლობალური პარტიის ხელწერა, შესაბამისად, ჩვენ ასეთი აქტები არ გვიკვირს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ეს არის უკვე მეექვსე რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ მიღებული, რომელიც თავს ესხმის ჩვენს ქვეყანას, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენს ქვეყანას ეს ვერაფერს დააკლებს, ვერც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ვერც მედიის დამოუკიდებლობას საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის აღქმაზე ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....