აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მოქალაქემ, რომელიც 2020 წელს გორის პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოიგო

“მთავარი არხის” რესპოდენტმა, რომელიც გორის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოიგო. საქმე ეხება 2020 წლის აპრილში, გორში მომხდარ ფაქტს, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებდნენ.

კერძოდ, 2020 წლის 17 აპრილს, გორის მცხოვრები ვალერი ტეტუნაშვილი პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. ტეტუნაშვილი მაშინ ამბობდა, რომ რამდენიმე პოლიციელი მას ღამის საათებში, ყოველგვარი საფუძველის გარეშე თავს დაესხა და ძალის გამოყენებით, გამოგონილი მიზეზით დააკავა. მაშინ, მომხდარზე გამოძიება დაკავებულის წინააღმდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.

დგინდება, რომ პოლიციელები მაშინ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ადგილობრივ მცხოვრებს, ვალერი ტეტუნაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ. ამასთან, დაზარალებულმა ყველა შესაბამის ინსტანციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

სტრასბურგის მოსამართლეთა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც გულისხმობს წამების აკრძალვას. არ მომხდარა ფაქტზე ეფექტიანი გამოძიება და გამოვლინდა სისტემური ხარვეზები გამოძიების დროს. გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ სასამართლომ არ დაიჯერა, ის ფაქტი, რომ კონკრეტულ მომენტში პოლიციის შენობაში არ იყო განთავსებული ვიდეო კამერები.

გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ 2 500 ევრო უნდა გადაუხადოს დაზარალებულს.

ცნობილია, რომ ბრალდებული პოლიციელები ამ დრომდე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

იტვირთბა....