ახალი ამბები მთავარი სამართალი

მშვილდაძეზე თავდასხმას სწორი კვალიფიკაცია მიენიჭოს – RLC

კანონის უზენაესობის ცენტრი (RLC) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს სწორი კვალიფიკაცია მიენიჭოს.

RLC-ის განცხადებით, თავდასხმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, დანაშაულის ჩადენის პირველივე დღესვე მიუთითებდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე, რაც აზრისა და პროფესიული მოღვაწეობის გამო, სიტყვის დევნას გულისხმობს.

თუმცა ამის მიუხედავად, საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად, კვლავ არაუფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

“ამჯერად, საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ. დაზარალებულის მხრიდან გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის განხორციელებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყების, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ტელევიზიით გავრცელდა აღნიშნული ეჭვის დამადასტურებელი მასალაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

კანონის უზენაესობის ცენტრი აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, დაადგინოს მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ცნობისთვის, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....