ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ნატა გაგუა წონაში სწრაფად კლებას მონოდიეტების დახმარებით უარყოფითად არ აფასებს, თუმცა, მათი დაცვის შემდეგ სწორი კვების მიყოლას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. დიეტოლოგი გვირჩევს თუ როგორ დავიკლოთ წონაში სწორად და შევინარჩუნოთ შედეგი:
- ცილოვანი დიეტა ეფექტურია ყველასთვის, მაგრამ ექიმის ჩარევის გარეშე საშიშია. მისი ხანგრძლივად გაგრძელება არ შეიძლება. მაქსიმუმ ათი დღე დაიცვათ. როცა გონებრივი დატვირთვა დიდია, მაშინ კლასიკური ცილოვანი დიეტა მიუღებელია, რადგან ადამიანის შრომის ნაყოფიერება ქვეითდება.
- ორი ლიტრი წყალი დღეში გახდომას უწყობს ხელს იმიტომ, რომ ადამიანი ხშირად შიმშილისა და წყურვილის გრძნობას ერთმანეთში ურევს, ამიტომ ზედმეტად იკვებება. ორი ლიტრი წყალი დღეში აუცილებელია, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვები ნაკლებად მარილიანი უნდა იყოს.
- მოკლე დროში სწრაფი შედეგის მიღწევისთვის მონო დიეტის დაცვა დასაშვებია. ამ შემთხვევაში იგულისხმება თითო დღეს ერთი სახის საკვების მიღება: ერთი დღე ნახშირწყლები, მეორე დღე პროტეინები, მესამე დღე ბურღული და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი დიეტის დაცვის შემდეგ სწორი კვების დაცვა, რომ წონა ორმაგად არ დაბრუნდეს.
- ყავა და მწვანე ჩაიც კი, ცელულიტის გაჩენას უწყობს ხელს , თუ მათ დიდი რაოდენობით მივიღებთ. ამიტომ აუცილებელია ზომიერების დაცვა.
- წონის დაბრუნების პროცესში გამოიმუშავებთ იმ წესებს, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მისდიოთ. იგულისხმება რომ ეჩვევით ისეთ კვებას, რომელიც წონაში მატებას არ იწვევს.
- საუკეთესო ჩვევაა მაგიდიდან მშიერი წამოდგეთ. ხშირ-ხშირად და მსუბუქად კვება ამას გულისხმობს. კვებიდან კვებამდე მინიმუმ ორი, მაქსიმუმ ოთხი საათი უნდა იყოს. საღამოს რვა საათამდე რომ ამ რეჟიმში იკვებოს ადამიანმა, შედეგს მიიღებს.
მომზადებულია რადიო „იმედის“ გადაცემის მიხედვით.