ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუჩაში ვიზიტის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უნგრეთი არ შეუერთდა.
განცხადების თანახმად, 2022 წელს ბუჩაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება.
“დღეს ჩვენ კიევსა და ბუჩაში შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი სისასტიკის მსხვერპლებს, რომელიც რუსეთმა 2022 წელს, კიევის რეგიონის ნაწილების დროებითი ოკუპაციის დროს ჩაიდინა – და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ვალდებულება, უზრუნველვყოთ რუსეთის სრული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევით განხორციელებული აგრესიისთვის.
ჩვენ პატივს მივაგებთ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ყველა მსხვერპლის ხსოვნას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები მასობრივი მკვლელობების, წამების, სექსუალური ძალადობის, იძულებითი დეპორტაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვა მძიმე დარღვევების მსხვერპლი გახდნენ. რუსული ძალების გასვლის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებები ხაზს უსვამს სრული და ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
რუსეთის აგრესიული ომის მე-5 წელს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად”. – წერია განცხადებაში.
2022 წლის მარტში მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ქალაქში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. რუსებმა ბუჩაში მინიმუმ 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრებელი მოკლეს.

