სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
საუბარია, დეპარტამენტის მიერ ხელფასის სახით გადახდილი თანხებიდან 13 ტრანზაქციაზე, რომელიც თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, თაღლითობის რისკების შემცველი ტრანზაქციების ღირებულება 5 680 ლარია. ადამიანი, რომელიც თაღლითობის რისკის შემცველ ჩარიცხვებს ახორციელებდა, დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსია. ის თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.
„შრომის ანაზღაურების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2020 წელს „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში შრომის ანაზღაურება გაცემულია ფიზიკურ პირზე, რომელიც არ იყო დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები არ არის ავთენტური. აღნიშნულ ჩარიცხვებს ახორციელებდა გადარიცხვებზე პასუხისმგებელი პირი, საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი საკუთარ ანგარიშზე. ჯამში ჩარიცხულ იქნა 4,800 ლარი, რომელიც ზედმეტად გადახდილი თანხაა და შეიცავს თაღლითობის რისკებს. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში პირთან არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირის ანაზღაურება გაცემულია ორჯერ, ჯამში − 880 ლარი, რომელიც ჩარიცხულია ზემოთ აღნიშნული პირის ანგარიშზე. ამრიგად, ჯამში განხორციელებულია 13 საეჭვო ტრანზაქცია, რომელთა საფუძველზე გადარიცხულია 5,680 ლარი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აუდიტორული პროცედურების დროს გამოვლინდა 24 ანგარიშის ნომერი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობის დროისათვის უკვე გაუქმებული იყო, ასევე დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი აღარ მუშაობს დეპარტამენტში, შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაფერისი რწმუნება აღნიშნული ანგარიშების მფლობელების შესახებ”, – წერია ანგარიშში.
ქვეყნის მთავარი აუდიტორი ორგანო ასკვნის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5,680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე.
გარდა სახელფასო თანხების არასწორი ხარჯვისა, აუდიტმა გამოავლინა, რომ დეპარტამენტს 2020-2021 წლებში ჯამურად ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12.2 მლნ ლარი. ცალკეულ შემთხვევებში ვერ უზრუნველყვეს ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე.
არათანაბარი კონკურენციის პირობებში განხორციელებული შესყიდვები.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის და შესრულების ხარვეზები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაში არსებული ნაკლოვანებები.
ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება.
ტრანსპორტის ხარჯები
მძიმე ტექნიკის ტექმომსახურებაში არსებული ნაკლოვანებები – დეპარტამენტში არსებული შიდა კონტროლის სისუსტის შედეგად, მძიმე ტექნიკის მომსახურების ხელშეკრულების შესრულებაში დაშვებულ იქნა უზუსტობანი, რის გამოც ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 7,363 ლარი.