ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ” – აკია ბარბაქაძე

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა, – ასე აფასებს “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე ყირიმის აეროპორტზე მომხდარ აფეთქებას, რის შედეგადაც რუსების სამხედრო ავიაბაზა და იქ არსებული გარკეული რაოდენობის თვითმფრინავები განადგურდა.

ბარბაქაძის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა ჯარმა შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

„ეს ფაქტი შეგვიძლია შევადაროთ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვას. ის თუ იყო რუსული ფლოტის სიამაყე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყირიმი რუსეთისთვის არის „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და ამ დარტყმების შედეგად, ეს „ჩაუძირავი ავიამზიდიც“ ჩაეძირათ. ფაქტობრივად, ყირიმი რუსეთის ჯარების ბაზირებისათვის უსაფრთხო აღარ არის – ეს ის მოცემულობაა, რომელსაც რუსები უნდა შეეგუონ. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნონ თავი და ეს გუშინ ოფიციალურად გაფორმდა.

ჯერჯერობით ეს მასიური შეტევა არ არის. მასიური შეტევა იქნება მაშინ, როდესაც სახმელეთო ჯარები, ავიაძალები და ა.შ. ერთობლივი მუშაობით შეუდგებიან საქმეს, რასაც მოჰყვება რუსული სამხედრო შენაერთების ალყაში მოქცევა ან ფიზიკურად განადგურება. იმ რუსეთუმეებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსებს ჰქონდათ შანსი, გუშინდელი ოპერაციის შემდეგ შეუძლიათ ჩაინიშნონ დღე, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც რუსეთის ჯარის უძლეველობის მითი „დასამარდა“. ამის პარალელურად ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უძლურია დასავლური, თანამედროვე ტიპის ზალპური სარაკეტო სისტემების წინააღმდეგ.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არ აქვთ. ის სისტემები, რომლითაც რუსებს მოჰქონდათ თავი, ვერ ხედავს „ჰაიმარსების“ რაკეტებს. რეალურად, რუსების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უძლური არის ნატო-ს ქვეყნების დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემების წინააღმდეგ. რეალურად, განადგურებული იქნება როგორც რუსული რადარები, მათი ჯარების მართვის პუნქტები, ცენტრალური შტაბები, საარტილერიო სისტემები და აეროდრომები.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფაქტობრივად ვერცერთ მონაკვეთზე ვეღარ მოიპოვებს სტრატეგიულ უპირატესობას, ვინაიდან ამ დასავლური ზალპური ცეცხლის სისტემები ძალიან შორს მსროლელი არტილერიით უკრაინამ დიდი უპირატესობა მოიპოვა. მთავარია, უკრაინამ მიიღოს საჭირო რაოდენობის შეიარაღება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიულად რუსეთი უკვე დამარცხებულია. ჩვეულებრივი, სტანდარტული შეიარაღებით რუსეთი ვერ შეძლებს შეტევითი უპირატესობის მიღწევას ოპერატიულ ველზე.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას დასავლელი პარტნიორების დახმარებით აქვს სრულყოფილი სადაზვერვო მონაცემები. უკრაინას, რუსეთთან შედარებით, აქვს ულევი რესურსი – როგორც ადამიანური, ისე მატერიალური, ფულადი, მხარდაჭერის მიმართულებით და მოტივაციით – უკრაინელი ხალხი იმარჯვებს ამ ბრძოლაში.

უკრაინელები, ერთად შეკრული ერია რუსებისგან განსხვავებით. რუსულად გეტყვით – ყველამ იცის, რომ რუსეთი არის „იზგოი“ ანუ კეთროვანი ქვეყანა, რომელიც დანაშაულებრივ ომს აწარმოებს. ის 60%, რომელიც აძლევს მანდატს პუტინს, არიან ბოროტმოქმედები და ისინი ამის გამო დაისჯებიან.

ცოტა ხანში ვნახავთ, რომ უკრაინა ავიაციაშიც ასეთივე უპირატესობას მოიპოვებს. ჩემი აზრით, დაახლოებით ნოემბერი-დეკემბრისთვის იქნება გენერალური, გადამწყვეტი შეტევა, როდესაც უკრაინელები ფაქტობრივად გაანადგურებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მოსპობენ მათ საბრძოლო პოტენციალს“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.

ამავე თემაზე: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში

იტვირთბა....