ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტრეველი: ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო, ვერ დავამარცხებდით იმ ბოროტ რეჟიმს – სწორედ ამიტომ არიან გამწარებულები

ბატონ ბიძინას სასტიკად უტევენ. მე მინდა ვთქვა, რომ მთელი საქართველო ვიდგებით ბატონ ბიძინასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქედს ვიხრი მის წინაშე, რომ გაგვათავისუფლა. ის რომ არა, ჩვენ ვერ დავამარცხებდით იმ ბოროტ რეჟიმს, იმიტომ რომ ფესვები ძალიან გადგმული ჰქონდათ და ქუჩებში პირდაპირ გვხოცავდნენ და საშინელ მდგომარეობაში გვამყოფებდნენ. ჩვენ კი ვებრძოდით, იმდენი წლები ქუჩაში ვიდექით, მაგრამ ვერ ვერეოდით. ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ ვერც მოვერეოდით. სწორედ ამიტომ არიან გამწარებულები, რომ დღეს ისევ ბატონ ბიძინას ებრძვიან, რომ უნდათ როგორღაც ეს ადამიანი გაანადგურონ“, – აღნიშნა მან.

ია მეტრეველი ასევე გამოეხმაურა ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობის თაობაზე.

„მე ვარ ძალიან მიმტევებელი ადამიანი, მაშინ როდესაც გულწრფელად ინანიებს ადამიანი დანაშაულს, თუმცა ეს უკვე შეცდომები არ იყო, ეს იყო სასტიკი დანაშაულები და ერთი მონანიების სურვილიც არ გასჩენიათ და აქეთ არიან შეტევაზე და უნდათ, რომ დააქციონ ქვეყანა ისე რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. რა შერიგებაზე გველაპარაკებიან, ერთი გვკითხეს რა დღეში ვართ ჩვენ დღემდე? რომელ შერიგებაზე საუბრობენ? პირდაპირ უნდათ, რომ ხელისუფლება გადადგეს. ებრძვიან პრემიერს, ამ ვაჟკაც ქართველ ადამიანს, უნდათ რომ როგორღაც ჩამოაცილონ ხელისუფლებას, რადგან ის ნამდვილი პატრიოტია და ეს არ მოსწონთ. შერიგებაზე კი არა, პირიქით, ხელისუფლების გადაგდებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ და რომელ შერიგებაზე და პოლარიზაციის დასრულებაზე გვესაუბრებიან, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. თავიანთ ქვეყანაში ასეთ უსამართლობას და სისასტიკეს როდის აპატიებდნენ ესაა ჩემთვის გაუგებარი“, – აღნიშნავს ია მეტრეველი.

იტვირთბა....