ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ომარ ჯიხვაშვილი წერს.
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს ხომ? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.
თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას,“ – წერს ომარ ჯიხვაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თანამდებობა და “ქართული ოცნება” ასევე დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ და ჭიათურის საკრებულოს წევრმა, ნიკა სამხარაძემ.