ახალი ამბები პოლიტიკა

“ოცნებას ვტოვებ, დეგნანმა კითხვებს პასუხი გასცეს” – ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პარტია დატოვა

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ “ქართული ოცნება” და თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ის “ოცნებიდან” წასული დეპუტატების აზრს იზიარებს და წერს, რომ თავისუფლად სურს ილაპარაკოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით.

ღამბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

“ჩემი ქართული ოცნება ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, – დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი არ მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება, სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ…!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, “ქართული ოცნების” გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით”, –წერს ღამბაშიძე. 

მისივე განცხადებით, “ხალხს აწუხებს კითხვები”, ამიტომ კელი დეგნანს მიმართავს დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.

“მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!” – წერს ღამბაშიძე.

ცნობისთვის, “ოცნების” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით მიმართა, სადაც ეწერა, რომ “ვერავითარი “რუსული რბილი ძალა” ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი”.

აღნიშნულ წერილს, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ტექსტი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.

იტვირთბა....