ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ექსპერტები “მეტრონომთან”: რა საფრთხეს შეიცავს ლავროვის განცხადება პანკისში ISIS-ს არსებობობასთან დაკავშირებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით საქართველო კვლავაც აქტუალურია. განსაკუთრებით საინტერესოა პანკისის ხეობის საფრთხეები ლავროვისეული შეფასება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობაში “ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა” და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, პერიოდულად ვრცდელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში “ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ.

რუსი მინისტრის კომენტარში ვლინდება ფაქტობრივი შეცდომა, რადგანაც რუსეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2001 წელს გაუუქმა და არა მას შემდეგ, რაც, 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ, საქართველომ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები გაუწყვიტა.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი “პოლიტკომერსანტთან” იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ლავროვის პანკისზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

“ცხადია, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს. მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობების ჩათვლით. თუმცა, ლავროვის ეს განცხადება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რუსეთი მზადაა წართმეული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, რომლებიც დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ეს არის მინიშნება, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რაც რუსეთმა გაგვიკეთა და მასთან ურთიერთობა გავაგრძელოთ. თუმცა, ურთიერთობის აღდგენა ნებისმიერ დროს, ლავროვის განცხადების გარეშეც შეგვეძლო… ერთადერთი დადებითი დატვირთვა, რაც ლავროვის ამ გამოსვლას შეიძლება ჰქონდეს არის ის, რომ ახალი ომის დაწყების საფრთხე არ გვემუქრება. თუმცა, პანკისთან დაკავშირებით, როცა ამბობს, რომ იქ „ისლამური სახელმწიფო” წვრთნებს ატარებს, ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთს პანკისის ოკუპაციის უფლება აქვს ანუ კონკრეტულ ტერიტორიაზე ფარულად შემოჭრით გვემუქრება”. – აცხადებს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილისგან განსხვავებული პოზიცია მის კოლეგა სოსო ცინცაძეს აქვს. როგორც “მეტრონომს” ცინცაძემ განუცხადა, რუსეთს ბევრი პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე საქართველოსთვის არ სცალია.

“მაგაზე უკვე გავაკეთე კომენტარი ეგ ზღაპრებია. რუსეთიდან ძალოვანი ზეწოლა, ან შემოჭრა გამორიცხულია. გასაგებია, რომ გოგოლაშვილი მსგავს განცხადებას აკეთებს. ეგ ნაციონალების კადრია. მაგას ოღონდ რუსეთზე ცუდი ათქმევინე… რუსეთი დღეს იმ დღეში არ არის, რომ სადმე კიდევ ახალი ფრონტი გახსნას. ეს არის რუსეთში მიმდინარე მოვლენების არცოდნა, მეტი არაფერი”.- აცხადებს ცინცაძე.

„მეტრონომი“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ლავროვის განცხადებები საფრთხისშემცველია.

„მის განცხადებაში არაფერი ახალი არ არის. ეს ჩვეულებრივი რუსული აგრესიული რიტორიკაა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო რეაგირება. ის, რომ რუსეთი ყველაფერს გამოიყენებს, ყველა პატარა საბაბს იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება კიდევ უფრო დაარღვიოს და ისედაც მოწყვლად გარემოში ვართ და კიდევ უფრო დაგვასუსტოს, ეს ფაქტია. თუ რაიმე შანსი ექნება რუსეთს რაღაცა ტიპის ძალის გამოყენების, ან ინტერვენციის, ამას აუცილებლად გამოიყენეს. ეს განცხადება ამაზე მიუთითებს და შესაბამისად იმის თქმა მინდა, რომ არაფერი არ შეცვლილა მოსკოვის მიდგომებში საქართველოს მიმართ. იგივე ტიპის განცხადებებს აკეთებდა მრავალი წლის განმავლობაში და ამას აკეთებს დღესაც“. – აცხადებს კაპანაძე.

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიღმაც გარკვეულ საფრთხეებზე მიანიშნებს.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთისთვის ნიშნავს, ჩვენი მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობას. იმიტომ, რომ მაგაზე საუბარია 2008 წლიდან მოყოლებული. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის საქართველოში ხელისუფლება. მათი ინტერესი მოცემულ მომენტში არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფა. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს დავამყარებთ რუსეთთან ვაღიარებთ ამ რეგიონების დაკარგვას“.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვი კმაყოფილია ჟენევის დისკუსიების გაგრძელებით და არსებობს იდეები, რომელიც ფორმატის ყველა მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც არ დაუშვებს “რეგიონში რეციდივების გამეორებას”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა საქართველო, რომ გაეროში ყოველწლიურად ლტოლვილების შესახებ “ცალმხრივი” რეზოლუცია შეაქვს. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ რეზოლუციაზე გაერო-ში იმსჯელოს, თუმცა აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....