ახალი ამბები საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციისა და კლინიკური მართვის მიდგომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში ქვეყანაში აღინიშნება COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკა და სტაბილიზაცია, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის, ისე გარდაცვალების შემთხვევების მხრივ.

ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკის და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში. ხოლო ყველა COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR -ის (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 119 ქვეყანაზე უკეთესი (უფრო დაბალი) აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა COVID პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პაციენტების პროაქტიური მკურნალობის და უახლესი მედიკამენტების, პირველ რიგში რემდესივირის, ასევე ბარიციტინიბის და ტოცილიზუმაბის ფართოდ გამოყენების შედეგად.

უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის პაქსლოვიდის შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია COVID პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი. 100-ზე მეტი COVID კლინიკის და 200-მდე “ონლინე” კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი/მომზადება, რაც ამ პაკეტის ეფექტიანი გამოყენების აუცილებელი პირობაა.

სადღეისოდ შემუშავებულია და დანერგილია COVID ავადმყოფების მკურნალობის შემდეგი ალგორითმი. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ოჯახის („ონლაინ“ კლინიკის) ექიმს საშუალება აქვს მყისიერად გააკეთოს 3 არჩევანი:

უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტები, რომელთა ასაკი 65 წელზე ნაკლებია და არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ აქვთ ასაკი 65 წელზე მეტი და/ან აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დაუნიშნონ პაქსლოვიდის ტაბლეტებით მკურნალობა ბინაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პაქსლოვიდით მკურნალობა დაწყებულ იქნეს დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა). ამასთან, მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ.

პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია (ჰოსპიტალიზაციის ჩვენება დეტალურად არის გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ეროვნულ გაიდლაინში), რაც შეიძლება დროულად (არაუგვიანეს სიმტომების გამოვლენიდან 8-10 დღისა) უნდა იქნან ჰოსპიტალიზებული და ჩაუტარდებათ მკურნალობა რემდესივირით და ყველა სხვა საჭირო მედიკამენტებით.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ COVID ავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა და ლეტალური გამოსავალი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობამ აქტიურად ითანაშრომლოს ჯანდაცვის სისტემასთან და ყველა ეტაპზე ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.

COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ჰონგ კონგი და სხვ.) ჯერ კიდევ აღინიშნება ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები.

და კიდევ – უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემიის საბოლოო დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია და შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....