“ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ჩვენ მზად ვართ, რომ მას ყველა სახის დახმარება გავუწიოთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საუბრობს.
“ის ფაქტი, რომ დღეს ლუქსემბურგში კომისარმა ვარჰეიმ გადასცა კითხვარი საქართველოს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესის საწყისს. ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი. შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა. სამი ძირითადი საკითხია – პირველი, საქართველომ მიაღწია თუ არა ინსტიტუციების სიმყარეს, გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების მხრივ. მეორე, რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია ევროკავშირის ეკონომიკებთან. მესამე, შეძლებს თუ არა აღასრულოს ეფექტურად ვალდებულებები ევროკავშირის ვალდებულებები პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები“, –განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს გადაეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.