ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

კალაძე: თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ

თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოხდება ყოველგვარი გადასახადის გარეშე და პროცესი შემდეგი კვირიდან დაიწყება.

“დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სიახლის შესახებ, ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინული ოჯახები თავისუფლად შეძლებენ საბავშვო ბაღებში მიიყვანონ თავიანთი პატარები. ეს მოხდება ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში აღსრულდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი სიახლეა. საქართველოში მყოფ უკრაინულ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მანამ სანამ მშვიდობა არ დაისადგურებს”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსული სამხედრო ძალები ბომბავს და ანადგურებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი კიევში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსა და სხვა სამხედრო ლიდერების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გულისხმობს.

ბოლო ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში, დილის მტრის დაბომბვის შედეგად, ორი საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, დაშავდა 2 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 000-მდე ჯარისკაცი, 430 ტანკი, 1 375 ჯავშანტექნიკა დაკარგა.

იტვირთბა....