პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შემუშავებულ დოკუმენტში რუსეთის არ ხსენება უთავმოყვარეობაა. ელისაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რეზოლუციის ტექსტი შეიცვლება.
“რეზოლუცია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, გამაოგნებელია. უკრაინაზე და მის საფრთხეებზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა – აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას თუ ჭინკები ემუქრებიან საზღვარზე? უთავმოყვარეობაა და გაუგებარია რუსეთის არ ხსენება. ვისურვებდი ტექსტი იყოს ადეკვატური, რუსეთიც იყოს ნახსენები და რეალობა იყოს აღწერილი და აბსოლუტურად ყველამ დავუჭიროთ მხარი მეგობარ ქვეყანას, რომელიც გასაჭირშია. იმედი მაქვს, დაკორექტირდება ტექსტი, თუ არა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი თითოეული ჩვენგანის”, – ავრცელებს ელისაშვილის კომენტარს “ინტერპრესნიუსი”.