რა კავშირი აქვს ვახტანგ ქირიას მკვლელობასთან ტელეკომპანია “საქართველოს ხმის” დამფუძნებელს? გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას სახლი სამართალდამცველებმა გუშინ გაჩხრიკეს, დაკითხვაზე დაიბარეს კუჭავას მეუღლე.
სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.
“ამ დილით ვიყავი, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია. მივიდნენ ჩხრეკვაზე. ცოლიც სამმართველოში დაიბარეს. ბავშვი იყო და სიდედრი სახლში. არ იციან სად არის ის. კომპიუტერიც წაღებულია. თერთმეტი საათის შემდეგ არ იციან სად არის. ბიძინა არის მოდულშიო ასე ამბობენ,”- აცხადებს “საქართველოს ხმის” დირექტორი მამუკა კუჭავა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრის დროს.
არსებობს ინფორმაცია, რომ კუჭავა და ვახტანგ ქირია ნათესავები იყვნენ.
შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, სამართალდამცავებმა მისი ცხედარი გუშინ საღამოს თბილისში იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.