aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში – სირცხვილია ქართული ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა სირცხვილია პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ კობახიძე საზოგადოებას ტროლის როლში მოევლინა.

როგორც აღნიშნული მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კობახიძის მიერ სირცხვილიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ტყუილია.

„ვითვალისწინებთ რა, ირაკლი კობახიძის წინა 100 განცხადებას, ვფიქრობთ, რომ მის ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი სასაცილოა. თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ მის პოლიტიკურ თანამდებობას და თავს ვალდებულად მივიჩნევთ მას პასუხი გავცეთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა “სირცხვილიასთან” დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია “სირცხვილიას” არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სისტემიდან გაჟონილია უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის მასალები, რომლებიც პრაქტიკულად საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული მასალები სრულად გადაამოწმა მოძრაობა “სირცხვილიას” გუნდმაც და მასში მსგავსი კრებსი ფიზიკურად არ არსებობს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ მასალები საკმაოდ ვრცელია და მისი გადამოწმება რიგითი მოქალაქეებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მიმართავენ მათთვის კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ ხერხებს – გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, ცდილობენ საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.

თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა).

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ჩვენი მოძრაობა, ჩამოყალიბების დღიდან, გადაულახავი წინააღმდეგობაა, რაც ძალიან გვახარებს.

მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოძრაობა “სირცხვილია” იქნება ერთ-ერთი ძირითადი აქტორი, რომელიც “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” პროექტის ფარგლებში არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და შედეგებით მანიპულაციაზე დროულ და გამჭვირვალე, დოკუმენტირებულად დადასტურებულ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათი პროპაგანდისტული მანქანა უკვე მთელი ძალისხმევითაა მიმართული ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი, პოლიტიკურ პროცესებსა და ჩვენი მოძრაობის აქტივობებს“, – აღნიშნულია სირცხვილიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სირცხვილიას წევრს ენმ-ის ლიდერებმა ქილერის აყვანის იდეის დატესტვა სთხოვეს.

იტვირთბა....