პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ კანონით ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია, საკითხის ამგვარად “გამოყოფა” კი დისკრიმინაციაა.
“შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე, მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემს დროს იქნა აღნიშნული კანონი მიღებული. ამავე დროს, ჩვენი ხელისუფლების დროს ქორწინების განმარტება ჩაიწერა კონსტიტუციაში.
შესაბამისად, კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული. ამაზე ზედმეტი აპელირება და აჟიოტაჟი მიმაჩნია არასწორად. ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ. მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება. ამ ადამიანებს იცავს კანონი. გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე, მიმაჩნია, რომ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე. მან ხელისუფლებას კონკრეტული ვადა მისცა, რათა არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.
პრაიდის ჩატარებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე”.
ამავდროულად, საპატრიარქომ 16 ივლისს ლევან ვასაძის კონგრესიდან ჰომოფობიური ქადაგება გაავრცელა.
ამასთან, რადიკალური დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ თემს მარშის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
“საყოველთაო მობილიზებას ვაცხადებ. დავიკავებთ მთელი რუსთაველის პროსპექტს. არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ სახელმწიფომ და მაგ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც მეტად გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”, – ნათქვამია მათ განცახდებაში.