უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული – უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც ახლა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე-ფაქტო აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღება უწევს და ევროკავშირი, რომელსაც უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის ტვირთი საკუთარ მხრებზე აკიდეს – ამის შესახებშალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჯერ შეუძლებელია თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ვინმე თუ იქნება გამარჯვებული.
„უკრაინა [ნატო-ში] ვერც გაწევრიანდებოდა. ეს არის მთავარი, როდესაც არა მარტო ბორის ჯონსონი, არამედ თავად ზელენსკიმაც განაცხადა გუშინ, რომ ბაიდენის დროსაც, მას მკაფიოდ ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის მთელი სამწუხარო მდგომარეობა, რომ ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა. ეს არის სინამდვილეში, რაც ითქვა ბორის ჯონსონის პირით. ეს არის ის, რაც ზელენსკიმ თქვა გუშინ.
ბუქარესტის სამიტის შემდგომ, 2008 წელს, წლიდან წლამდე, გვესმოდა „ღია კარი“, რომ „უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები“. უკრაინას ყოველ წელს ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება წევრი და ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი არის მიამიტობა. შეიძლება რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა. შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ და ევროპელებს, რომ ის [ქვეყანა] სადაც არის, აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, ახლა სარკმელზეა, ახლა უკვე შეაბიჯებს, ცოტაც, ცოტაც და ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე. როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა, როგორც უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ. საბოლოოდ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო არცერთი ნატოელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში.
ჯერ შეუძლებელია თქვა ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული – უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც უწევს ახლა გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე-ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა ამ 4 წლის განმავლობაში, დაღვარა სისხლი, დაინგრა ეკონომიკა. მეორე – ევროკავშირი, რომელსაც უკრაინის ფინანსური დახმარების და უკრაინის სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი ახლა საკუთარ მხრებზე აკიდეს. ამ ყველაფრისთვის, წუხანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი იღებს სესხს და ამ სესხით აძლევს კიდევ სესხს უკრაინას. ის სასესხო ვალდებულებაში არის, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს და შიდაპოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ. ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინისა და ევროკავშირის სახით.
მე კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ომს, ჯერ არ ჩანს-თქო, თუმცა ერთი სექტორი ნამდვილად იქნება გამარჯვებული – ეს არის საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდ ევროს ახლა ევროკავშირი ისესხებს. ამ საფინანსო სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები, მგონი, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.
იმედია, ეს ომი ბოლოსკენ მიდის, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გარკვეული, თუმცა ყველა მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ბოლოსკენ მიდის ეს ომი. ბოლოსკენ საბოლოდ ირკვევა, როგორი ფინანსური სარგებლის რუკა ლაგდება, როგორი ზიანის რუკა ლაგდება და როგორი გეოპოლიტიკური რუკა ლაგდება”- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, 15-საათიანი დისკუსიების შემდეგ, ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს. Politico-ს ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს საკითხის ერთობლივი სესხების საფუძველზე გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გაგზავნას ითვალისწინებს. გეგმა არ მოიცავს უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. გერმანია კი, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დაფინანსებას, ამ გეგმას დაეთანხმა.

