ქართული ოცნების დეპუტატი რიმა ბერაძე მეტრონომთან საუბარში ქვეყანაში არსებულ ბავშვთა პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ თბილისის მერიისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან მაქსიმალური ყურადღება ეთმობათ.
“თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო, მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბავშვი იყოს სოციალურად დაუცველი და მოხდეს ხელშეწყობა, მაგრამ ამ სოციალური დაუცველი ბავშვებისთვის ის 34 პროგრამა, რომელიც არის მიმართული მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რომ ეს ბავშვები იყვნენ ხელშეწყობილნი, ეს ბავშვები არ იყვნენ მშივრები, მათ ჰქონდეთ თავშესაფარი და სწორედ ამის შედეგია უფასო საბავშვო ბაღები, უფასო რამდენიმე ფაკულტეტი უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სახელმძღვანელოები და ძალიან ბევრი ფაქტორი იმისთვის, რომ ესენი იყვნენ ხელშეწყობილნი”, – აცხადებს ბერაძე.
ამასთან, ბერაძის თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვია.
“მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია და ძალიან ბევრი ბავშვი. ჩვენ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ იმისთვის, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს თავშესაფრის გარეშე, არც ერთი ბავშვი არ იყოს, დღეს თუ ასეთი არსებობს, წამლის გარეშე, ოპერაციის გარეშე, ის საჭიროებები, რაც მათ განვითარებაზე უნდა იყოს მორგებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის”, – ამბობს დეპუტატი.
1 ივნისს, დღეს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის ბოლო კვლევა 2017 წელს ჩატარდა. ამ გამოკვლევების მიხედვით: 2009 წელს საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობდა ბავშვების 11.5%. 2011 წელს – 9.4 %; 2013-ში – 6 %; 2015 წელს – 2.5 %. ხოლო 2017 წელს – 6.8 %.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაიზრდება. ამის შესახებ ღარიბაშვილი facebook გვერდზე წერს.