ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

წულუკიანი ნინოწმინდის პანსიონზე: თუ რაიმეა, უწყება ეკლესიასთან თანამშრომლობით გამოასწორებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ასე გამოეხმაურა:

“სახელმწოფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა თუ ის ეპარქია, უპრობლემოდ შედიან. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და ვიცით მათი ვიზიტის შედეგები. თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.

მე პირადად, ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას, რომელიც, მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, იქ არცერთი პრობლემა, როგორც ადამიანის ულებების სპეციალისტს, არ დამინახავს. ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ და სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება”, – თქვა წულუკიანმა.

ცნობისათვის, 19 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, ბავშვები არც სკოლაში მივიდნენ.

შეგახსენებთ, 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

იტვირთბა....