ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელ-პალესტინას შორის სარაკეტო შეტევები გრძელდება, გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი

ისრაელის ახალი შეტევის შემდეგ 14 მაისის გამთენიისას ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ოპერაციას ისრაელის სახმელეთო ჯარიც შეუერთდნენ.

ისრაელის ჯარების სპიკერის, ოლკოვნიკ ჯონათან კონრიუსის განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში სულ 55 რაკეტა გაისროლეს. მისივე თქმით, გასროლა ღაზაში მიწისქვეშა გვირაბის განადგურებას ისახავდა მიზნად, რომელიც მეტროს სახელითაა ცნობილი.

პალესტინის მხარის განცხადებით, ამ კვირაში მინიმუმ, 119 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 19 ბავშვია. მინიმუმ, 830 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

ამავე დროს, ისრაელის მხარის განცხადებით, მათ 8 დაღუპული ჰყავთ, მათ შორისაა ერთი ასაკოვანი ქალი, რომელიც თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.

ცოტათი ადრე კი ისრაელის უზენაეს სასამართლოში იერუსალიმის აღმოსავლეთში, შეიხ ჯარაჰის რაიონიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების საკითხის მოსმენა იყო ჩანიშნული. მოსმენა გაუქმდა და 30 დღით გადაიდო. იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელები კი ქუჩაში გამოვიდნენ და ამ თემის გაპროტესტება დაიწყეს. შეტაკება მოხდა ალ-აქსას მეჩეთის გარშემო, რომელიც მუსლიმების წმინდა ადგილია და რომელიც, ამავდროულად, ებრაელების წმინდა ადგილადაც მიიჩნევა. ალ-აქსას მეჩეთის ადგილას იყო ებრაელების წმინდა ტაძარი და ისინი ამ ადგილს ტაძრის მთას უწოდებენ. პალესტინის მხარემ რაკეტებით თავდასხმის მიზეზად სწორედ წმინდა ტაძრის ებრაელებისგან დაცვა მოიყვანა.

გაიგე უფრო მეტი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე:

როდის და რატომ დაიწყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

იტვირთბა....