ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

როდის და რატომ დაიწყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.

ცოტათი ადრე კი ისრაელის უზენაეს სასამართლოში იერუსალიმის აღმოსავლეთში, შეიხ ჯარაჰის რაიონიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების საკითხის მოსმენა იყო ჩანიშნული. მოსმენა გაუქმდა და 30 დღით გადაიდო. იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელები კი ქუჩაში გამოვიდნენ და ამ თემის გაპროტესტება დაიწყეს. შეტაკება მოხდა ალ-აქსას მეჩეთის გარშემო, რომელიც მუსლიმების წმინდა ადგილია და რომელიც, ამავდროულად, ებრაელების წმინდა ადგილადაც მიიჩნევა. ალ-აქსას მეჩეთის ადგილას იყო ებრაელების წმინდა ტაძარი და ისინი ამ ადგილს ტაძრის მთას უწოდებენ. პალესტინის მხარემ რაკეტებით თავდასხმის მიზეზად სწორედ წმინდა ტაძრის ებრაელებისგან დაცვა მოიყვანა.

ათწლეულების პრობლემა

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი არც ორშაბათს და არც ერთი თვის წინ დაწყებულა, ეს ამბავი ათეულობით წლებს ითვლის. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის პალესტინად წოდებულ ტერიტორიაზე კონტროლი დიდმა ბრიტანეთმა აიღო. ტერიტორია ებრაელთა უმცირესობითა და არაბთა უმრავლესობით იყო დასახლებული.

ამ ორ ხალხს შორის კი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სართაშორისო საზოგადოებამ ბრიტანეთს პალესტინაში ებრაელებისთვის ეროვნული სახლის დაარსება დაავალა. ებრაელებისთვის ეს წინაპრების სახლი იყო, მაგრამ პალესტინელი არაბებიც მოითხოვდნენ იმავე მიწას და ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყვნენ.

1920-40 წლებში აპლესტინის ტერიტორიაზე ჩასული ებრაელების რიცხვი გაიზარდა. მათი უმრავლესობა ევროპიდან დევნილი ან ჰოლოკოსტს გადარჩენილი და სამშობლოს მაძიებელი ებრაელები იყვნენ.

გაიზარდა ძალადობა ებრაელებსა და არაბებს შორის. ასევე, ძალადობა ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ.

1947 წელს გაერომ ხმა მისცა პალესტინის ებრაულ და არაბულ ნაწილებად გაყოფას, იერუსალიმი კი საერთაშორისო ქალაქი იქნებოდა. გეგმას ებრაელი ლიდერები დათანხმდნენ, თუმცა, უარყვეს არაბმა ლიდერებმა და არც არასდროს განხორციელებულა.

ისრაელის შექმნა

1948 წელს ბრიტანეთის მმართველობა დასრულდა ისე, რომ პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. ამას, ცხადია, მოჰყვა არაბული მხარის წინააღმდეგობა და ომი.

ომში ჩაერთვნენ მეზობელი არაბული ქვეყნები. ათასობით პალესტინელს მოუხდა საცხოვრებლის დატოვება, რასაც თავად ალ-ნაქბას, კატასტროფას უწოდებენ. ცეცხლი შემდეგ წელს შეწყდა და იმ დროისთვის ისრაელი უკვე ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა.

იორდანიამ დაიპყრო მიწა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს სახელითაა ცნობილი, ხოლო ეგვიპტემ კი  ღაზა დაიკავა. იერუსალიმი გაიყო ორ ნაწილად, რომლის დასავლეთი ნაწილი ისრაელის ძალების, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი იორდანიის ძალების ხელში აღმოჩნდა.

რამდენადაც არასდროს არსებულა სამშვიდობო შეთანხმება, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა და დაძაბულობა და შეტაკებებიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

შემდეგ ომში, 1967 წელს ისრაელმა დაიპყრო აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე, სირიის გოლანის მაღლობების მეტი წილი, ღაზა და ეგვიპტის სინაის ნახევრაკუნძული.

პალესტინელები ლტოლვილები და მათი შთამომავლობის უმრავლესობა ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობს. არც ლტოლვილებს და არც მათ შთამომავლებს არ მისცეს უფლება, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ისრაელი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში ებრაული ნაწილის არსებობას შეუშლის ხელს.

ისრაელი ამ დრომდე იკავებს დასავლეთ სანაპიროს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ღაზადან უკვე გასულია, გაერო მაინც მიიჩნევს, რომ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

ისრაელი მთელ იერუსალიმს აცხადებს როგორც ისრაელის დედაქალაქს, ხოლო პლაესტინელები იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ. აშშ იმ მცირე ქვეყნების რიცხვშია, ვინც ცნობს ისრაელის პრეტენზიას მთელი ქალაქის მიმართ.

უკანასკნელ 50 წელში ისრაელმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლება გაზარდა და ამ დროისთვის იქ 600 000 ებრაელი ცხოვრობს. პალესტინის მხარე აცხადებს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით ეს ქმედება უკანონოა და მშვიდობას ხელს უშლის, რასაც ისრაელი უარყოფს.

რა მდგომარეობაა ახლა

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ხშირია.

ღაზას მართავს პალესტინელების შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ბევრჯერ იბრძოდა ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი და ეგვიპტე მკაცრად აკონტროლებენ ღაზას საზღვრებს რათა ღაზას მიმართულებით იარაღის მიწოდება შეაჩერონ.

ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები ამობენ, რომ ისინი იტანჯებიან ისრაელის ქმედებებისა და შეზღუდვების გამო. ისრაელი კი ამბობს, რომ ის ასე მხოლოდ პალესტინის მხრიდან მომდინარე ძალადობისგან თავდასაცავად იქცევა

მთავარი პრობლემები

რამდენიმე საკითხია, რაზეც ისრაელი და პალესტინა ვერ თანხმდებიან:

როგორ შეიძლება გადაიჭრას პალესტინელი ლტოლვილების საკითხი; უნდა დარჩეს თუ არა ებრაული დასახლებები ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე; უნდა იყოფდეს თუ არა ორი მხარე იერუსალიმს; ყველაზე მთავარი და ალბათ, ყველაზე სახიფათო — უნდა შეიქმნას თუ არა პალესტინის სახელმწიფო ისრაელის გვერდით.

რა იქნება მომავალში

დაძაბულობას განმუხტვისა და მოგვარების პირი არ უჩანს.

ბოლო სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-მ მოამზადა და რომელსაც ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ საუკუნის გარიგება უწოდა, პალესტინის მხარემ არ მიიღო და მას ცალმხრივი უწოდა.

 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობა, მაგრამ ამ დროისთვის, დღეის მონაცემებითაც კი, ჯერ კიდევ ომი გრძელდება.

 

 

 

 

იტვირთბა....