ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი გარეჯის ინციდენტზე: ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა “დაგეგმილად შექმნილი ამბავია”. მისივე თქმით, გარეჯში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ამზადებდნენ სიუჟეტს, რომელიც “რეაგირებას აუცილებლად გამოიწვევდა”. როგორც მეუფემ აღნიშნა, ძალადობას ემიჯნება და სასულიერო პირებმა ეთიკური ნორმები უფრო მეტად უნდა დაიცვან.

“ეს გუშინდელი საქციელი მორიგი საქციელია ახალი ამბის შექმნის. მე ვამბობ, რომ ტელევიზიამ ახალი ამბავი უნდა აღწეროს, არ უნდა შექმნას. გუშინდელი ამბავი ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი, პირდაპირ მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. არაფერი საკონფლიქტო აქ არ იყო და წინასწარ, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოიწვევდა კონფლიქტს ასეთი მოქმედება, რომ მაინდამაინც მონასტრის დღესასწაულზე, აღდგომის დღეებში, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩადიან და აკეთებენ ისეთ სიუჟეტს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაგირებას.

გინება, ხელით შეხება, ყვირილი, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გამოხატულების ფორმები. მით უმეტეს, მე როგორც სასულიერო პირი, რა თქმა უნდა სასულიერო პირებს უფრო მეტად მოვთხოვდი ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვას. სასულიერო პირისგან ბევრად უფრო მძიმედ აღიქმება ნებისმიერი დარღვევა”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტის თქმითვე, სასულიერო პირი არასოდეს უნდა დათვრეს, მაგრამ დღესასწაულზე ნასვამი აუცილებლად იქნება, რადგან წესია, რომ წირვის შემდეგ ღვინო მიიღოს.

“მათ ადანაშაულებენ სიმთვრალეში. გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, როდესაც დღესასწაული არ არის დამთავრებული. სავარაუდოდ, ეს ბერები, წესია უბრალოდ ასეთი, წირვის შემდეგ ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო. ეს აუცილებელია ტიპიკონის მიხედვით. რა თქმა უნდა, უნდა მოზომონო და არასოდეს არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

გუშინ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს.

იტვირთბა....