ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა არ ექნება.
როგორც ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, დოკუმენტზე ინდივიდუალურ ხელმოწერას სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე აპირებენ.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ დოკუმენტზე არ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა ისევე, როგორც ევროპული საქართველოს ხელმოწერა, თუმცა, თუ არ ვცდები, იქნება ინდივიდუალური ხელმოწერებიც, მათ შორის, სალომე სამადაშვილისა და დავით ბაქრაძის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ფასილიტატორ ელჩებს შორის, შეხვედრა გუშინ 18 მარტს შედგა. მხარეთა შორის შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ მათ უკვე მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შექმნილ პირველ დოკუმენტს ხელი და მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდებოდა და არ დაეთანხმებოდნენ დოკუმენტში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ამასთან, ოცნებაში ამბობდნენ, რომ თუ პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა, კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებდნენ. გარდა ამისა, მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ განიხილავენ 40%-იანი ბარიერის გაზრდის შესაძლებლობასაც.
თუმცა, დღეს 19 მარტს ქართულმა ოცნებამ მზადყოფნა გამოთქვა 43 %-იან ზღვარს დადათანხმებოდა და შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა.
რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საკითხს. დღეს, 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, ის გიორგი რურუას შეიწყალეს. ჯერჯერობით უცნობია რა მექანიზმით, მაგრამ როგორც გუშინ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის გამოსვლის შემდეგ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მელიას გათავისუფლების გარანტორი არის ევროკავშირი.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა 150 მანდატიდან 60 მოიპოვეს. სულ 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი, მოქალაქეები, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
კრიზისის განსამუხტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ კიდევ უფრო გაამწვავა. შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორმხრივი შეხვედრების დროს მოლაპარაკების გაგრძელების გარანტია მიიღო, რისთვისაც პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა თბილისში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა. მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.