“პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების გამოქვეყნებას პოლიტიკური პარტიებისათვის და ეს უკვე მოხდა. გამოქვეყნებულია წინადადება, რასაც პრეზიდენტი მიშელი თვლის, როგორც დაბალანსებულად და ასევე რეალისტურად”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი დოკუმენტზე შეთანხმებისთვის დრო მოითხოვეს.
“ტექსტი გადაცემულია ყველა პარტიისათვის, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის. სანამ მოხდება შეთანხმება, პარტიებმა ითხოვეს დრო კონსულტაციისთვის, რომ ეს წინადადება განეხილა. ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან იმისთვის, რომ თავისი გადაწყვეტილება გვანცნონ”, – თქვა კარლ ჰარცერმა.
ცნობისათვის, მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.